logo

გამოფენა-კონფერენცია „სკოლა და არაფორმალური განათლება“

2017 წლის 1 დეკემბერს, კოალიციის „განათლება ყველასათვის - საქართველო“ ორგანიზებით, საგამოფენო ცენტრში ექსპო ჯორჯია გაიმართა გამოფენა-კონფერენცია „სკოლა და არაფორმალური განათლება“, რომლის მიზანი იყო ზოგადი განათლების სფეროში არაფორმალური განათლების შესახებ გამოცდილების გაზიარება და სკოლებთან მომუშავე არაფორმალური განათლების მიმწოდებელთა პრაქტიკის გაცნობა.

სასწავლო ექსკურსია კომპანია ,,კავკასიის გენეტიკაში“

2017 წლის 24 ნოემბერს, სართიჭალის ,,ფერმერთა სკოლის“ მეცხოველეს სპეციალობის სტუდენტებმა, პროფესორ ბატონ ლევან თორთლაძის ხელმძღვანელობით კახეთში, სოფელ ტიბაანში, კომპანია ,,კავკასიის გენეტიკა“ მონახულეს, რომელშიც გაერთიანებულნი არიან რძის სექტორის ექსპერტები, სელექციონერები და ხელოვნური განაყოფიერების სპეციალისტები. “კავკასიის გენეტიკა” წარმოადგენს ქვეყნის ერთ-ერთ უმთავრეს მიმწოდებელს ცხოველთა სანაშენე საქმისა და ხელოვნური განაყოფიერების სფეროში.

შეხვედრა სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარდაბნის საინფორმაციო- საკონსულტაციო ცენტრის თანამშრომლებთან

2017 წლის 16 ნოემბერს, ,,ფერმერთა სკოლის“ სართიჭალის ფილიალში გაიმართა შეხვედრა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო- საკონსულტაციო ცენტრის თანამშრომლებთან. შეხვედრაზე ფონდ ,,ლაზარეს“ წარმომადგენლებმა ვრცლად ისაუბრეს ორგანიზაციის საქმიანობისა შესახებ, გააცნეს სოფლის მეურნეობის პროექტი ,,ფერმერთა სკოლა”,რომლის ბაზაზეც 2016 წლიდან ფუნქციონირებს პროფესიული კოლეჯი „ფერმერთა სკოლა“,სადაც ადგილობრივ მოსახლეობას შეუძლია სრულიად უფასოდ დაეუფლოს პროფესიულ პროგრამებს.

„ფერმერთა სკოლის“ კურსდამთავრებული სტუმრად საქართველოს პრეზიდენტთან

2017 წლის 27 ოქტომბერს, პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ღონისძიებაზე საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ფერმერებს უმასპინძლა და მათ საქმიანობასთან დაკავშირებული პრობლემები მოისმინა. მიწვეულ სტუმრებს შორის პროფესიული კოლეჯის ,,ფერმერთა სკოლის“ კურსდამთავრებული კახი მშვიდობაძეც იყო. უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ კახი ერთ-ერთია იმ სამ მცირეწლოვან ფერმერს შორის, რომელთა მიმართ ინტერესი და გულთბილი დამოკიდებულება პრეზიდენტმა განსაკუთრებით გამოხატა.